თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ერთწლიანი ღალატის ციკლის ლოგიკური დასასრული იქნება, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთწლიანი ღალატის ციკლის ლოგიკური დასასრული, თუ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულს ვიხილავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ დეპუტატების ყოფნა-არყოფნა პარლამენტის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება პირდაპირ დავინახოთ საზღვარგარეთიდან საქართველოს წინააღმდეგ მომავალი ინსტრუქციები.
„გაითვალისწინეთ, რომ ის, რასაც ამ 12 ადამიანისგან მოისმენთ, გარედან მომავალი ინსტრუქციებია. ამ მხრივ, საინტერესო იქნება: პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩვენ პირდაპირ შევძლებთ ვნახოთ, რა ინსტრუქციები მოდის საზღვარგარეთიდან საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდი არ ელის გახარიას პარტიის წევრების რეალურ მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში, თუმცა მიაჩნია, რომ მათ შეუძლიათ პარლამენტში თავიანთი ყოფნა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით უცხო ძალების ინტერესების გამოსახატავად, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„თუ ისინი გადაწყვეტენ ბოიკოტის შეწყვეტას ახლავე და პარლამენტის პლატფორმისა და მანდატების გამოყენებას, ეს მათი საქმეა. ამით არც რამე მოემატება და არც მოაკლდება პარლამენტის საქმიანობას. ქვეყნის მშენებლობის დემოკრატიული გზა გაგრძელდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებამ ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ კოლეგების კრიტიკა გამოიწვია.
„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა... სამშობლოს ღია ღალატი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ის, რაც თქვენ გააკეთეთ", - დაწერა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია აღარ არსებობს.
„გახარიას პარტია აღარ არსებობს, ხალხმა განაჩენი 4 ოქტომბერს გამოუტანა. სად იმალება მისი ნარჩენები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება პარტიის ლიდერ გიორგი გახარიას, იგი 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.
გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.