თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნულ პარკში წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე ადგილობრივი სახეობა - 200 ფრთა კაკაბი და 200 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანი პოპულაციის აღდგენაა. ალგეთის ეროვნულ პარკში გაშვებული ფრინველები სოფელ ჭორვილას მეფრინველეობის ფერმიდანაა.
„დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ორივე სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.
კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები. კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც, ხოლო გნოლი საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს, ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე.