თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, იუწყება ქართული მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
უფლებადამცველები დაკავებებს უკავშირებენ ბოლო დროს მიღებულ კანონს, რომლის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
საქართველოში გასული წლის საპროტესტო ტალღის ფონზე, პარლამენტმა 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.
ცვლილებები მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ათობით პოლიციელმა მიიღო დამწვრობა და დაშავდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც მომიტინგეები მასობრივად იყენებდნენ პიროტექნიკას.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.