თურნავა: ვაშინგტონში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აშშ-ის საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებთანაც.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას.
ნათია თურნავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებზე იმყოფება. შეხვედრები ვაშინგტონში 13-18 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა.
თურნავას განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.
„უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებს ველოდებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე იცით, რომ სსფ-სთან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც ასევე პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, - განაცხადა თურნავამ.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელ ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
თურნავა ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტ სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ის, Citibank - ისა და Bank of America-ს ინვესტორებთანაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველებმა და ალტერნატიული მმართველებმა, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება და დახმარების ეფექტურობა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემები.
ტრადიციულად, ყოველწლიური შეხვედრები ვაშინგტონში ზედიზედ ორი წლის განმავლობაში იმართება და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, რათა ასახოს ორივე ორგანიზაციის საქმიანობის საერთაშორისო ხასიათი.