ვიზიტიდან სკანდალამდე: რატომ ჩაიშალა ფინელი დიპლომატის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში რევოლუციური პროცესის ხელშეწყობა აქვს დავალებული
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. თბილისს ფინეთთან კონფრონტაცია არ სურს, თუმცა დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის ქმედებებმა გამოიწვია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციაზე მისვლამდე ვალტონენი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრა პრემიერთან 15 ოქტომბრის დილისთვის იყო დაგეგმილი. მაგრამ კობახიძემ ის გააუქმა - დიპლომატის უკანონო აქციაში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გავრცელების გამო.
„ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველ ჯერზე ასეთი რამ - ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი. მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა განმარტა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან უკანონო საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუილში დაადანაშაულა იმასთან დაკავშირებით, თითქოს პროტესტი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მივიდა, სინამდვილეში კი ის უკვე პიკში იყო.
„კატასტროფაა, როცა ევროპელი ლიდერები - ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას. შეხვედრის გაუქმების საფუძველი კანონსაწინააღმდეგო აქციაზე გასვლით შექმნა მან“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე
ვალტონენმა სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“. ვალტონენმა ასევე დაგმო ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, რასაც „არაპროპორციული იურიდიული პროცედურების“ შედეგი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეჭვს იწვევს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფინელი დიპლომატი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, როგორც ადრე.

„50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე „აკაცუკად“ მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციები 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაგრძელებაა. მან განაცხადა, რომ ყველა, ვინც ამჟამად ამ აქციებში მონაწილეობს, ადრე მონაწილეობდა მთავრობის დამხობისკენ მიმართულ საპროტესტო აქციებში და ამჟამინდელი საპროტესტო აქციები ამ მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა საქართველოში რევოლუციური პროცესის დაწყების ხელშეწყობა, რაც თავიდანვე განწირულია.
„ეს არის რეალური სახე, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია. სხვა ახსნა ამას ხომ არ აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და უნდა შეასრულონ ეს დავალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპროტესტო აქცია
ფინურმა მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვალტონენის კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა, გრაფიკის ცვლილების გამო, რომლის შესახებაც ქართული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული.
მედიის ცნობით, ვალტონენი საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვედროდა. ეს შეხვედრები მისი ვიზიტის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმები შეიცვალა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას ომის შესახებ სამშვიდობო კონფერენციას მართავდა.
ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით, ეუთომ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაღალი დონის შეხვედრების დროს ვალტონენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს ერთგულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მხარდაჭერის მიმართ.
ვალტონენმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობისა და შემზღუდავი კანონების გამო, რომლებიც, მისი თქმით, აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ჟურნალისტების მუშაობას. მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადალახოს პოლიტიკური კრიზისი და აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, ხაზი გაუსვა ეუთოს მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.