რამდენად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - მონაცემები განახლდა

ექსპორტმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,7%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,1%-ით გაიზარდა და 18,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 9,7%-ით მეტი.
ექსპორტმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,7%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით), ხოლო გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობით განხორციელდა - თითქმის 8%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით.
2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 16,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 8,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.