პრემიერი: ენერგეტიკაში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს

საქართველოს მთავრობა 2028 წლისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრეების რვა გიგავატამდე, ხოლო 2030 წლისთვის ათ გიგავატამდე გაზრდას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ და საქართველო ციფრულ ცენტრად ვაქციოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდას, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციას და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ენერგეტიკულ მიქსში.
პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე.
„საქართველო მდიდარია ამ რესურსებით და ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრეები სტაბილურად გავზარდოთ რვა გიგავატამდე, ხოლო 2030 წლისთვის ათ გიგავატამდე. ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში განვახორციელოთ და საქართველო ციფრულ ცენტრად ვაქციოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინვესტიციებისთვის სხვა ხელსაყრელ სექტორებს შორისაა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, რომლებიც ეკონომიკის ტრადიციული საყრდენებია, ასევე მზარდია მოთხოვნა უძრავი ქონების მიმართულებით.
„ამავდროულად, 2021 წლიდან სწრაფი ზრდა შეინიშნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში და ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკის ეს დარგი. ყველა ამ სექტორს მოვიცავთ ჩვენს ხედვაში და ორიენტირებულები ვართ მიღწეული წინსვლის შენარჩუნებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის სიგრძე იქნება 1.155 კმ-ზე მეტი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა – 525 კვ, ხოლო სიმძლავრე – 1.300 მგვტ. პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.