თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის ვიზიტი საქართველოში დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდა: კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და და ცრუ განცხადებების გავრცელების გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვალტონენთან დღეს, 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. ვალტონენმა სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.
მმართველმა პარტიამ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საპროტესტო აქციაზე გამოჩენა რადიკალიზმის წახალისებად შეაფასა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ თუ ვალტონენი ნამდვილად დაიცავდა მიუკერძოებლობის პრინციპს, ის რევანშისტების ქმედებების შედეგად დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და დაგმობდა ძალადობრივ საპროტესტო აქციებს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული“, - დაწერა ჩაკვეტაძემ სოციალურ ქსელ X-ზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვალტონენი საქართველოს კანონმდებლობისა და ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ქმედებები არის საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა. მინისტრმა თავისი მონაწილეობით, ფაქტობრივად, გამოხატა მხარდაჭერა ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორების მიმართ, დასძინა პარლამენტის სპიკერმა.
„მინისტრი ამით ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი ცარიელი ფრაზაა", - დაწერა პაპუაშვილმა X-ზე.
საპროტესტო აქციაზე მისვლამდე, ვალტონენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ვალტონენმა განაცხადა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მან განიხილა ეუთოს წევრი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, კანონმდებლობის ჩათვლით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
ვალტონენმა ასევე დაგმო ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, რასაც „არაპროპორციული იურიდიული პროცედურების“ შედეგი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეჭვს იწვევს. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არ წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის, არამედ არის დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს ვხედავთ, რომ ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს არა თავისუფლებების გაფართოების, არამედ მათი შეზღუდვის მიმართულებით. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები ნიშნავს, რომ ხალხს ართმევენ არჩევნებში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კი სულ უფრო რთული ხდება თავიანთი საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა ვალტონენმა.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, აღადგინოს ნდობა და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ხაზგასმით აღნიშნა ეუთოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში „პოლიტიკური პროცესების ობიექტური შეფასების“ აუცილებლობა ხაზგასმით აღნიშნა და გაიხსენა 4 ოქტომბრის მოვლენები, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს.
„მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის, მათ შორის, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა" და რომ „კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი".
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ეუთომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და თავისუფალი საქმიანობა.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა, თბილისიდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრება - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, ეს ვალტონენის პირველი ვიზიტია რეგიონში.