თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. შეკრების და მანიფესტაციების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეხება ქუჩის გადაკეტვას, არის რეაქცია იმ უკანონობაზე, რაც ხდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს საპროტესტო აქციები იმართება, რის გამოც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს და ქმნის საცობს - რამდენიმე თვეა აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50-ს არ აჭარბებს.
პაპუაშვილის განცხადებით, დაუშვებელია, რომ ყოველდღიურად 20 ადამიანი თბილისში ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე და კეტავდეს რუსთაველის გამზირს.
„შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი. როდესაც არის აქციის მონაწილეთა ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. პროტესტი გამოხატონ იქ. თუ კი იქნება ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის, რომ ტროტუარი დაიკავოს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოიყენონ ქუჩის ტერიტორია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო კომიტეტები უახლოეს პერიოდში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაიწყებენ, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
ამგვარად, ადამიანების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნისა და გზების გადაკეტვის, საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ან სხვა პირებისთვის საფრთხის შემცველი ბარიკადების აღმართვის, პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლის ან დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის აკრძალვის დარღვევა, ასევე საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის დარღვევა 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებები ისჯება 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 15 დღემდე ვადით პატიმრობით - სასჯელის ფორმას სასამართლო წყვეტს.
15-დან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც არღვევენ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის ქონის აკრძალვას, ასევე საგნების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება - 5-ათასი ლარი.
საპროტესტო აქციების აკრძალვის დარღვევისთვის დანარჩენი სანქციები, ისევე როგორც საპროტესტო აქციების ჩატარების წესი, იგივე დარჩა.