საქართველოში საპროტესტო აქციებზე ქცევის წესების დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდება: პროექტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით რიგი ცვლილებები შედის
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები უახლოეს პერიოდში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაიწყებენ, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
ამგვარად, ადამიანების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნისა და გზების გადაკეტვის, საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ან სხვა პირებისთვის საფრთხის შემცველი ბარიკადების აღმართვის, პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლის ან დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის აკრძალვის დარღვევა, ასევე საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის დარღვევა 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებები ისჯება 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 15 დღემდე ვადით პატიმრობით - სასჯელის ფორმას სასამართლო წყვეტს.
15-დან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც არღვევენ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის ქონის აკრძალვას, ასევე საგნების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.
ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება - 5-ათასი ლარი.
საპროტესტო აქციის აკრძალვის დარღვევისთვის სხვა სანქციები იგივე რჩება, რომელთა შორისაა: სამართალდამცავი ორგანოების შენობებიდან, პენიტენციური დაწესებულებებიდან, რკინიგზის სადგურებიდან, აეროპორტებიდან, პორტებიდან 20 მეტრის რადიუსში აქციების ჩატარების აკრძალვა; მაგისტრალების, გზების, შენობების შესასვლელების ბლოკირება; საპროტესტო აქციაზე აკრძალული ნივთებისა და საგნების ფლობა; ისტორიული, არქეოლოგიური ან არქიტექტურული ღირებულების ობიექტების ან ძეგლების დაზიანება.
საპროტესტო აქციებზე აკრძალული ნივთიერებების სიაში შედის ალკოჰოლი, ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის სპრეის კონტეინერები და ლაზერული მანიშნებლები.
დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 2-დან 5 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ანალოგიურ ჯარიმას 5 ათას ლარამდე ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
კანონპროექტი ძალაში კანონმდებლების მიერ სამი მოსმენით განხილვის, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა.
საქართველოში გასული წლის საპროტესტო ტალღის ფონზე, პარლამენტმა 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.
ცვლილებები მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ათობით პოლიციელმა მიიღო დამწვრობა და დაშავდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც მომიტინგეები მასობრივად იყენებდნენ პიროტექნიკას.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.