თბილისი, 13ოქტომბერი — Sputnik. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები - ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. გარდა ამისა, ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებს.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
ამასთან, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა.
როგორც სააგენტოში აღნიშნევენ, ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.
დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3.761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს აქვს ჩატარებული. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს.