მსოფლიო დღეს

„სპუტნიკ აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეუცვალეს

Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელს, იგორ კარტავიხს, წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა; ის ამჟამად ბაქოში იმყოფება, განაცხადა საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი კისელიოვმა.
„სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელს, იგორ კარტავიხს, წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. ის ამჟამად ბაქოში იმყოფება“, - განაცხადა კისელიოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა. აქედან ორს — რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხსა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვს ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და პროტესტი გადასცა „ბაქოს არამეგობრული ქმედებების“ გამო. ამასთან უწყებამ დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა. მოგვიანებით ხუთი ჟურნალისტი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც რუსული მედია წერდა, „Sputnik აზერბაიჯანზე“ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივნისს რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაც 2001, 2010 და 2011 წლებში ეკატერინბურგში შეკვეთილ მკვლელობებში ედებოდათ ბრალი. დაკავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.