თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში შეუსწავლელია უსახლკარობის მიზეზები და მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა, სოციალური საცხოვრისების უმრავლესობაში კი არასათანადო გარემოა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
10 ოქტომბერს უსახლკაროთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა უსახლკარო პირთა და ოჯახების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მიმართ, ასევე ყურადღების გამახვილება მათ საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
უწყების ცნობით, აპარატმა საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 18 სოციალურ საცხოვრისში/თავშესაფარში მდგომარეობის მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური საცხოვრისების უმრავლესობაში არასათანადო გარემოა.
„გარკვეული მიმართულებით მცირედი გაუმჯობესებისა და ფრაგმენტული ინიციატივების მიუხედავად, სათანადო საცხოვრებლით უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთ სისტემური ხასიათის გამოწვევას ვაწყდებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას კვლავ არ აქვს დამტკიცებული უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის წესი, ხოლო სადაც ასეთი წესი არსებობს, უსახლკარო პირის ცნება არაერთგვაროვანია, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია გრძელვადიანია, დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი - დაბალი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სისტემური, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების გაზიარება ამ თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოს მთავრობამ უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო. სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლი 200-მდე უსახლკარო ოჯახს შეუძინა.
პროგრამით ხელისუფლება 1000-მდე ოჯახს სახლს გადასცემს. პროგრამა ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება, ბიუჯეტი კი 50 მლნ ლარია.