თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს - ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 80, 79% მიიღო.
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.
კერძოდ, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გახდა, მან ხმების 91,933% (30 962 ხმა) მიიღო.
რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი იქნება. მან ხმების 85,649% (37 635 ხმა) მიიღო.
ბათუმში მერის არჩევნებში მოქალაქეთა ხმების 80,616% (42 815 ხმა) გიორგი ცინცაძემ მიიღო.
ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს. მან ხმების 100% (14 431 ხმა) მიიღო.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მერის არჩევნებში 71,58%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ გაიმარჯვა და მან 214 872 ხმა მიიღო.
3.061 უბნიდან დათვლილია 2.283 უბნის მონაცემები. არჩევნებზე ჯამში 1.438,116 ამომრჩეველი მივიდა.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.
თბილისში არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე დასრულდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს. საპასუხოდ, პოლიციამ წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენა.