პრემიერი: საქართველოში „მაიდნის" მოწყობის მცდელობა ჩავარდა

კობახიძის თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს ჩავარდა „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიებით - „ლელო" და „გახარია-საქართველოსთვის" ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეხუთე მცდელობა, მოეწყოთ „მაიდანი“ საქართველოში, ჩავარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.
„როგორც ცნობილია, მთავრობის დამხობის მცდელობაც ჩავარდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე ვიხილეთ ქვეყანაში „ნაცმაიდანის“ ორგანიზების უკვე მეხუთე მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ.
უფრო მეტიც, კობახიძის თქმით, აუცილებელია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ და ასევე უცხოური აგენტურის ნეიტრალიზება, რათა საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს სრულად ჯანსაღი და სტაბილური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.
„ჩვენ 1,1 მილიონზე მეტი ამომრჩევლის წინაშე ვართ პასუხისმგებელი და ამიტომაც სრულად უნდა გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ.
„როგორც იცით, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. პირველ რიგში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები. ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
კობახიძის თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს ჩავარდა „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიებით - „ლელო" და „გახარია-საქართველოსთვის" ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად.
„ეს ორი პოლიტიკური პარტია უკვე ჩამოწერილია. „ლელომ“ წინა არჩევნებში 180 000-ზე მეტი ხმა მიიღო და ახლა კი ამ რაოდენობის ნახევარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობდა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან წინა არჩევნებში 160 000-ზე მეტი ხმა მიიღო და ახლა ეს რიცხვი დაახლოებით 50 000-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანაცვლების გეგმა ჩაიშალა“, - განაცხადა კობახიძემ.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.