თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. გუშინ საქართველო გადაურჩა „მაიდანიზაციას", სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. კვირას, საღამოს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მიზნით, ათონელის მიმართულებით გადაინაცვლეს - აქტივისტებმა შენობის წიინ არსებული ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შეაღწიეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
პაპუაშვილის თქმით, შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობენ, სცადეს, გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.
„გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ გუშინ იხილა უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ქართველი ხალხის მომავალიც.
„დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისტზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად შსს-მ აქციის ხუთივე ორგანიზატორი: „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.