4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას ევროპელმა პოლიტიკოსებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს

4 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. ევროპელმა პოლიტიკოსებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას, რომლის შედეგადაც როგორც სამართალდამცველები, ისე აქციის მონაწილეები დაშავდნენ, მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს - სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება გავრცელდა.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. კვირას, საღამოს, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.
„ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის დგანან. დემოკრატიის გაჩუმება არ შეიძლება. მოლდოვა თქვენს გვერდშია,“ - დაწერა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ზე.
4 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა წარწერით, „ყველა ღამე თბილისში".
ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ლაურინას კასჩუნასმა კი დაწერა, რომ „სამშობლოს კავშირი - ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები დღეს ქართველებთან არიან". მისი სტატუსი გააზიარა ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჟიგიმანტას პავილიონისმა და აღნიშნა, რომ „დღეს ყველა ქართველია“.
თბილისში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც. მან სოციალურ ქსელში ორბელიანის მოედანზე გადაღებული ვიდეო გააზიარა და მოუწოდა ევროპას, მხარი დაუჭიროს ქართველებს.
თბილისის საპროტესტო აქციას ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და განაცხადა, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობით, არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს და ქართველები კვლავ მტკიცედ არიან განწყობილნი, გააგრძელონ პროტესტი.
როგორც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 4 ოქტომბერს თბილისში „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული“.
მან თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ელჩს დააკისრა, რადგანაც, მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობებს.
5 ოქტომბრის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 ოქტომბერს თბილისში მომხდარი ძალადობის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება და რომ ისინი „უახლოეს დღეებში სიურპრიზებს უნდა ელოდონ“.