თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. აქციაზე დაშავებული ხუთი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაიყვანილი, მათ შორის ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა, სამართალდამცველია, იუწყება პირველი არხი.
კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის განცხადებით, სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება.
„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. რაც შეეხება სამართალდამცველს, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა იპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს“, – დალაქიშვილმა.
მისი თქმით, დაშავებულებიდან ორი უკვე გაეწერა ბინაზე.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მონაწილეებმა ათონელზე მდებარე საქართველო პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.