სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა​ ზვიად კუპრავა დააკავა

კუპრავას დაკავება უკავშირდება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვას.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, კუპრავას დაკავება უკავშირდება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვას.
როგორც ვიდეომიმართვაში ზვიად კუპრავა აცხადებს, „4 ოქტომბერს, დილიდან ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ „სპეცოპერაციის“ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“.
როგორც კუპრავამ განაცხადა, „ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც".
„კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, მან ჩაიდინა სსსკ-ის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება. არჩევნებში 12 პარტია იღებს მონაწილეობას. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია - ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დააანონსა. მმართველმა პარტიამ, თავის მხრივ, არაერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გასული წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააკეთა და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ნდობა გამოუცხადა.
მმართველი გუნდი აფრთხილებს ოპოზიციასა და მის მომხრეებს, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. შესაძლო ძალადობრივი პროცესების განვითარებას ემიჯნებიან არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია ძალა და რესურსი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.