წაღვერში დიდი ოდენობით ხეტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა წიწვოვანი სახეობის 6 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში".
სააგენტოს განცხადებით, კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.