თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა" ოქტომბრის ნაცვლად 20-21 სექტემბერს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება - თარიღის ცვლილების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება.
კერძოდ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
უწყების ცნობით, შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან კოსტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N323, N333, N359, N395 და მიკროავტობუსები: N462, N522 და N536 ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც ბარათაშვილის ხიდით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას ანალოგიურად გამოიყენებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.