„რთველი 2025": კახეთში 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

ბოლო მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 3 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. "რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში, 18 სექტემბრის მონაცემებით, 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 3 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. თითქმის სრულად დაბინავდა 1,2 ათას ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი - 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტრამდე ვენახის ფართობი დააზიანა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. უწყების ცნობით, ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
კერძოდ, საწარმო ყურძენს ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,50 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.