თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტია დიდ თანხებს ხარჯავს ლობისტურ საქმიანობაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ-დან მომდინარე კრიტიკული განცხადებების რეალურ მოტივებზე, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Nelson Mullins Riley & Scarborough LLP 360 ათასი დოლარი გადაუხადა.
„რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო მეტს იგებს იმ რეალურ მიზეზებზე, რის გამოც ზოგიერთი ხმამაღლა ლაპარაკობს ხოლმე ამერიკიდან. სინამდვილეში, ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები, შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, - ფულის სანაცვლოდ კონკრეტული კრიტიკული განცხადებების გაკეთება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეთანხმება 2025 წლის 7 ივლისს გაფორმდა და კომპანიის მოვალეობად განისაზღვრა პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერა აშშ-ში, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკულ მხარესთან და დახმარება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
„წინა არჩევნები დარღვევებით და გაუმჭვირვალობით გამოირჩეოდა, რის გამოც ფირმამ ვალდებულება აიღო, განახორციელოს სტრატეგია დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ინფორმაცია ოპოზიციის ლობისტური საქმიანობის შესახებ გავრცელდა ამერიკული კანონ FARA-ს წყალობით, რომლის ანალოგიც საქართველოში მოქმედებს.
FARA-ს ქართული ვერსია პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო და ის ძალაში 31 მაისს შევიდა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, რომლებსაც მმართველ პარტიაში უწოდებენ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და ხელისუფლების დამხობა სურს.
კანონის მიღების გამო გაუარესდა ურთიერთობები საქართველოსა და დასავლეთს შორის. 2024 წელს ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღების შემდეგ კი ბრიუსელმა თბილისთან ურთიერთობები გადახედა: შეწყდა უმაღლესი დონის შეხვედრები, შეჩერდა ფინანსური დახმარება. ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.