თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ვალდებულებები შემოიღო, ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა.
ჩეხეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განმარტა იმით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ხორციელდება „ადამიანის უფლებების უპატივცემულობა, დემონსტრაციების დარბევა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება“.
„ჩემი შეთავაზებით, [ჩეხეთის] მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემულობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე“, - დაწერა ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში.
იანვრის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნები ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ეს პირები და მათი ოჯახის წევრები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზის გარეშე მოგზაურობას. ისინი ასევე ვეღარ ისარგებლებენ გრძელვადიანი ვიზების მისაღებად განაცხადის შეტანის გამარტივებული პროცედურით.
ჩეხეთის რესპუბლიკა მეთორმეტე ქვეყანაა, რომელმაც შემოიღო სავიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილებები ადრე მიიღეს რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ და შვედეთმა.
16 სექტემბერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკომისია ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე და განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას. მან დასძინა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, შეწყვიტა ფინანსური დახმარება და გაზარდა „სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“.
ადრე, 16 ივლისს, ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, აგვისტოს ბოლომდე მიეწოდებინა ინფორმაცია უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობების შესრულების შესახებ. ესენია „უცხოელი აგენტის შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონების გაუქმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში ევროკომისიას 31 აგვისტოს გაეგზავნა.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ მთავრობა მზადაა შეასრულოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა იმ პირობით, თუ ეს პირობები დასაბუთებული და გონივრული იქნება.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.