თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია, განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად.
უწყების განმარტებით, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც“, - აღნიშნეს სუს-ში.
დღეს საქართველოში უკრაინის საელჩომ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილ ორ უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია, საკონსულოს თანამშრომლები ზომებს იღებენ, რათა მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად.
„საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინის მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს. ამჟამად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად.
11 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი" შემოიტანეს. სუს-ის ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდების საბოლოო პუნქტი თბილისში არსებული ერთ-ერთი სახლი იყო, ნივთიერება კი დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს. სუს-ის მტკიცებით, „ჰექსოგენის" გამოყენება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე იგეგმებოდა.
„ჰექსოგენის“ საქმე
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
უწყებამ დააკავა როგორც ავტომობილის მძღოლი, ისე ის პირი, რომელსაც იგი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე დაუკავშირდა. დაკავებულთა ჩხრეკისას ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი".
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.