ქვრივიშვილი: ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე გაიხსნება. ტექნოლოგიური ცენტრის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 12 მლნ ლარი გამოიყო. ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად გაეცნო.
„საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური პროდუქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება რეგიონული მასშტაბის და მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტექნოპარკის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების, მწვანე ღობის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. ლაბორატორიებისთვის საჭირო დანადგარების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ნაწილი უკვე დასაწყობებულია, ხოლო ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია.
ტექნოლოგიური ჰაბისთვის შესყიდულია საქართველოში პირველი მეტალის 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეტალისგან შექმნან რთული, მაღალი სიზუსტით დამზადებული კომპონენტები.
პროექტის თანახმად, ასევე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შენობის გარე პერიმეტრზე და ა.შ.
პარლამენტის შენობა ქუთაისში
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133.700,000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ - ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ თბილისში დააბრუნა.