თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია დაბა წყნეთის სიახლოვეს, ბეთანიაში, სათხილამურო კურორტს მოაწყობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.
„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვან პროექტს. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც დაგეგმილ პროექტს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს, ამასთან ღამის საათებში სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე ასევე განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.
პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა.
მერიის ინფორმაციით, კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.
ბეთანიაში, თბილისიდან 18 კილომეტრში სათხილამურო ტრასა და ინფრასტრუქტურა 2012 წლის დასაწყისში გაიხსნა და მისი ოთხსეზონიან კურორტად ქცევა იგეგმებოდა. 30 ათას კვადრატულ მეტრზე პროექტი ქართული ინვესტიციით „რანდე ვუ ბეთანიამ" განახორციელა და 600–მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასა და სპეციალურად ბავშვებისთვის 200-მეტრიანი ტრასა მოაწყო. კურორტზე ორი საბაგიროც იყო დამონტაჟებული. მაშინ კურორტზის კეთილმოწყობისთვის 2,5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ბეთანიაში ზამთრის სათხილამურო კურორტი 2015 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბეთანიის კურორტი თოვლის მოსვლაზე იყო დამოკიდებული, რადგან ხელოვნური გათოვლიანება ძვირი ჯდებოდა.