ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმე: ეროვნული ბანკის კომენტარი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი 624 მლნ დოლარისა და 35 მილნ ევროს გათეთრება მოახერხა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში, ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
16 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმის გახსნის შესახებ განაცხადა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი 624 მლნ დოლარისა და 35 მილნ ევროს გათეთრება მოახერხა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებებში.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კვლავაც აგრძელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.
„საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას.
ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.
ფულის გათეთრების სქემა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022-2024 წლებში მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.
ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
„აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია", - განაცხადეს პროკურატურაში.
ამ დროისთვის გამოძიების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. პროკურატურა ასევე გეგმავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მთელი ქონების კონფისკაციას.
დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.