თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 16 სექტემბრის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დასაკვირვებლად 11 ადგილობრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 5 აგვისტოს დაიწყო, ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია კი 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირებულია შემდეგი ადგილობრივი ორგანიზაციები:
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“;
„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“;
„ასოციაცია თავისუფალი თაობა";
„საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“;
„დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
„მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
„პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“;
„სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“;
„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“;
„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“;
„საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ერთ ორგანიზაციას საარჩევნო უბანზე მხოლოდ თითო დამკვირვებელი შეიძლება ჰყავდეს - ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა.
ვის არ აქვს უფლება დააკვირდეს არჩევნებს საქართველოში
დამკვირვებელი ვერ გახდება საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი, საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი ან მისი მოადგილე, მოსამართლე, პროკურატურის თანამდებობის პირი, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი, საარჩევნო კომისიის წევრი.
ასევე არ აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ აქვს ასევე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელს, სხვა ბეჭდვითი საშუალებების და მედიის წარმომადგენელს.
აგრეთვე ვერ გახდება დამკვირვებელი პირი, რომელიც ბოლო ორი არჩევნების პერიოდში იყო საარჩევნო კომისიის წევრი (პარტიიდან), საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.
ასევე რეგისტრაციას ვერ გაივლიან პირები, რომლებიც ბოლო არჩევნების ჩატარების წლის დასაწყისიდან რომელიმე პარტიის შემომწირველები იყვნენ.
რისი უფლება აქვს დამკვირვებელს?
დამკვირვებლებს რეგისტრაციის შემდეგ უფლება აქვთ დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს, კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად გადაადგილდნენ უბნის ტერიტორიაზე და დააკვირდნენ კენჭისყრის ყველა ეტაპს ნებისმიერი წერტილიდან.
გარდა ამისა, მათ უფლება აქვთ დალუქვამდე და გახსნის დროს შეამოწმონ საარჩევნო ყუთები, აკონტროლონ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ბიულეტენების გაცემა და მათი დამოწმება, ასევე დააკვირდნენ ხმების დათვლას, დააკვირდნენ კომისიის მიერ ყველა დოკუმენტის მომზადებას, მათ შორის, შემაჯამებელი ოქმისა, და იქონიონ მათი ასლებიც კი.
მათ აქვთ უფლება მოსთხოვონ ამომრჩეველს ხმის მიცემამდე აჩვენოს ბიულეტენების რაოდენობა. ასევე თვალყური ადევნონ საარჩევნო ყუთს და ბიულეტენის წაკითხვის ან ყუთში განთავსების პროცესს. მათ შეუძლიათ დააკვირდნენ საჩივრების რეგისტრაციას და შეიტანონ ისინი, ასევე მოითხოვონ დარღვევების გამოსწორება მათი დაფიქსირების შემთხვევაში.
დამკვირვებლებს ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და მუშაობაში ჩარევა, ამომრჩეველთა არჩევანზე ზემოქმედება, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია, პარტიული სიმბოლიკის ტარება ან შენობაში ყოფნა ბეიჯის გარეშე.
დამკვირვებლებს ეკრძალებათ ამომრჩეველთა სიის მონაცემების დამუშავება, მათი კოპირება ან გადაცემა.