BELUGA, BELVEDER-ი, CHIVAS REGAL-ი: შიდა ქართლში სასმელის არალეგალური ქარხანა გამოავლინეს

Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, დაკავებულია დანაშაულში მონაწილე 7 პირი, განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა გააჩნდათ, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი)“, - განაცხადა ახალაიამ.
ქარხანაში ჩხრეკისას ასევე აღმოჩენილი იქნა ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.
გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA . ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვა-წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
„ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ, შესაძლოა, ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, - აღნიშნა ახალაიამ.
გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე და მე-200 მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.