„ხელები დაიბანეს“: რატომ არ ჩამოდის ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად

სადამკვიერვებლო მისიის წარმომადგენლები საერთაშორისო ზეწოლას უფრთხიან
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik.ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის უარი, დააკვირდეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ პროცესებთან, რადგანაც დადებითი დასკვნის შემთხვევაში ორგანიზაცია კვლავ თავდასხმების სამიზნე გახდება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.
6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მოწვევა ძალზე დაგვიანებით (არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე) მიიღო, რაც „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.
„რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩამოვიდა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი, უნდა ვეძებოთ გლობალურად მიმდინარე იმ შეთქმულების წიაღში, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება", - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებზე მათი სადამკვირვებლო მისია აღარ ჩამოვიდა.
„ეუთო/ოდირის ეს უარი მმართველ გუნდს არ გაჰკვირვებია და მათ შორის ვიყავი მეც. ეს ყველაფერი კი უკავშირდება იმას, რომ როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავისი დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, უცხოელებს, ეს არ მოეწონათ", - განაცხადა დეპუტატმა.
ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა.
მთავრობის ოპონენტებს, მათ შორის, უცხოურ ძალებს ეგონათ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა, თუმცა, როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნით ყველა ცრუ ნარატივს წერტილი დაესვა. შედეგად, რადიკალების გეგმები, რომელიც არჩევნების შემდეგ საბოტაჟის მოწყობას უკავშირდებოდა, წყალში ჩაიყარა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ დასკვნის მიუხედავად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაინც მოითხოვა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რამაც, სეფაშვილის თქმით, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა და შეურაცხყოფა მიაყენა თავად ეუთო/ოდირის დასკვნას.
„ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებზე გადავწყვიტეთ, რომ დამკვირვებლად ისევ ეუთო/ოდირი მოგვეწვია, მაგრამ მათ ამ ეტაპზე არჩიეს არ ჩამოვიდნენ, რადგანაც ჩამოსვლის შემთხვევაში, იძულებული გახდებოდნენ, კვლავ დადებითი დასკვნა დაეწერათ, რითაც რადიკალების მხრიდან მორიგი თავდასხმის ობიექტები გახდებოდნენ", - განაცხადა სეფაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამ ნაბიჯით ეუთო/ოდირმა, ფაქტობრივად, „ხელები დაიბანა". ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ჩამოვლენ, რომლებიც ცესკოში უკვე დარეგისტრირებული არიან და მათ სხვებიც შეუერთდებიან, რომელთა მოსაზრებებსაც ექნება წონა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.