თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა.
ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის, მის მიერ გადაგზავნილ ფოტომასალას განიხილავდა.
პროკურატურამ გამოძიება დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხნენ დაზარალებულები, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც დანაშაულში მამხილებელი ელექტრონული ინფორმაციის მოპოვება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.