თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სენაკში, კაფე-რესტორან „კოლხეთში“ მომზადებულ საკვებში სალმონელა აღმოჩნდა, ნათქვამია სურსათის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჯგუფური დაავადების და 1 ლაბორატორიულად დადასტურებული სალმონელოზის შესახებ.
„შემთხვევა უკავშირდება ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას. სუფრაზე არსებული საკვები მომზადებული იყო სენაკში, კაფე-რესტორან „კოლხეთში““, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტომ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან, რა დროსაც სამზარეულოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც უწყების ცნობით, მიმდინარე წელს უკვე მეორე შემთხვევაა.
მარტში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეჩერებული ჰქონდა საწარმოო პროცესი, რომელიც გამოსწორების შემდეგ აღუდგა. მეორედ გამოვლენილი დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა და - ი/მ თეა სილაგავა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორს დაევალა რეცხვა-დეზინფექციისა და დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ასევე სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.
სალმონელა (Salmonella) ბაქტერიათა ჯგუფია, რომელიც ტიფოიდურ დაავადებებსა და მწვავე გასტროენტეროკოლიტს იწვევს. იგი უმეტესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებს.