თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2025 წელს პირველად სკოლაში მივიდა 50 ათასამდე პირველკლასელი (42 000-მდე საჯარო სკოლაში, 7000-მდე კერძო სკოლაში). სკოლაში ბავშვების მიღება 6 წლიდან ხდება - პირველ კლასში დარეგისტრირდნენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ.ს.
საჯარო სკოლებში ყველა პირველკლასელს, სახელმძღვანელოების გარდა, სპეციალური ნეთბუქები გადაეცემათ, რომელიც სწავლის პერიოდში გამოადგებათ. მასში ჩატვირთულია სხვადასხვა საგნის საგანმანათლებლო ინტერაქტიული პროგრამები.
პირველკლასელებისთვის სასწავლო პროგრამა დატვირთულია - პირველი კლასიდან ისწავლება როგორც ქართული, ისე ინგლისური ენები, ასევე ბუნებისმცოდნეობა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ჭადრაკი და სპორტი.
სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
ქართული სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება საქართველოში მოიცავს პერიოდს 1-დან მე-6 კლასამდე, საბაზო განათლება მე-7-დან მე-10 კლასამდე, ხოლო საშუალო განათლება მე-11-დან მე-12 კლასამდე.
სასწავლო პროცესი ორი სემესტრი გრძელდება: სექტემბრიდან დეკემბრამდე და იანვრიდან ივნისამდე. პირველკლასელები და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მაისის შუა პერიოდამდე სწავლობენ. სასწავლო კვირა 5 დღე გრძელდება, გაკვეთილის ხანგრძლივობაა პირველი კლასისთვის 35 წუთი, მეორე კლასისთვის - 40 წუთი, დანარჩენი კლასებისთვის კი 45 წუთი.
საჯარო სკოლებში ყველა სახელმძღვანელო უფასოდ გაიცემა და მშობლებს მხოლოდ რვეულებისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა სჭირდებათ. მოსწავლეების შეფასებების აღრიცხვა ელექტრონულ დღიურებში ხდება.
მოსწავლეთა შეფასება იწყება მე-5 კლასის მეორე სემესტრიდან. საქართველოს სკოლებში შეფასების 10-ქულიანი სისტემა მოქმედებს - 10 და 9 ქულა მაღალია, 7-8 საშუალოზე მაღალი, 6 და 5 საშუალო, ხოლო 5-ზე ქვემოთ დაბალი.
საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები არ ტარდება, მოსწავლეები მხოლოდ შუალედურ გამოცდებს აბარებენ. სკოლის მიერ დაწერილი შეფასებები გავლენას არ ახდენს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შესაძლებლობაზე, თუმცა, თუ მოსწავლის წლიური შეფასება 6 ქულაზე დაბალია, ის ვალდებულია აღნიშნულ საგანში გამოცდა შემოდგომაზე ჩააბაროს.