თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. „ჰექსოგენის“ საქმეში უკრაინული სპეცსამსახურების ჩართულობა არ უნდა გაგვიკვირდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
11 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი" რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით სატვირთო ავტომანქანით შემოიტანეს. დაკავებულთა თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება შემდგომში რუსეთში უნდა გადაეტანათ.
რამდენიმე მედიასაშუალებამ დაადგინა კავშირი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს შორის, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება.
მედიის ცნობით, ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი რევოლუციისა და პარლამენტის შტურმის გეგმის ერთ-ერთი ავტორია და უკრაინისგან დახმარებას ელოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ახალაიამ გაუწია კოორდინაცია ტვირთის ავლაბრის რაიონში გადატანას. ეს არის რაიონი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მიწოდების საბოლოო დანიშნულების ადგილად ასახელებს.
„ვინ არიან წარმოდგენილნი უკრაინაში გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე? შემთხვევით, ის პირები ხომ არ არიან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ. 2012 წლამდე, თუ რაიმე უბედურება ხდებოდა, მათი ჩართულობითა და მათი თანამონაწილეობით ხდებოდა. შემთხვევით, ეს ადამიანები ხომ არ არიან სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე? ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ“, -აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება განახორციელა.
„წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, დაველოდოთ კიდევ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება და მადლობა შესაბამის უწყებას და თითოეულ თანამშრომელს, მათი საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ჰექსოგენის“ საქმე
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
უწყებამ დააკავა როგორც ავტომობილის მძღოლი, ისე ის პირი, რომელსაც იგი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე დაუკავშირდა. დაკავებულთა ჩხრეკისას ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი".
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.