საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაწყებულია - შარმანაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ რთული მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები აღდგება
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. „დიპ სტიეტმა“ სერიოზულად დააზიანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და მათი აღდგენა არც ისე ადვილია, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია და ამის ლოგიკური დასასრული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, სადაც შემხვედრი ნაბიჯები იქნება გაწერილი.
„დიფ სთეითმა“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, რომ ასე მარტივად და მალე ვერ გამოსწორდებოდა. დადებითია ის, რომ დაზიანების შემდგომი გაგრძელება ამერიკამ შეაჩერა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
შარმანაშვილის თქმით, არავინ ელოდა აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას. თუმცა, თამარ ტალიაშვილი დიპლომატიურ მისიას უკვე 2025 წლის 10 ივნისიდან უძღვება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მალე საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი დაინიშნება. ამჟამად ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებს. რობინ დანიგანმა თავისი უფლებამოსილების შეჩერებაზე მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა.
„პროცესი დაძრულია. შეუძლებელია, ასეთი ურთიერთობა დიდი ხანი გაგრძელდეს. ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა „საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.