ძველი ზოოპარკის ადგილზე პარკი მოეწყობა და „მზიურს“ დაუკავშირდება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენება 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ გადაწყდა.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია ზოოპარკის კოსტავას ქუჩიდან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანას დაჩქარებული ტემპით აპირებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ „გარემოს დაცვის პოლიტიკის" პრეზენტაციაზე.
2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც თბილისის ზოოპარკი ტერიტორია თითქმის მთლიანად გაანადგურა და მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი იმსხვერპლა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენება გადაწყდა. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი ფართობი გამოიყო.
„დღეს აღნიშნული ზოოპარკი ვერ პასუხობს ვერანაირ თანამედროვე მოთხოვნას, ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით, ამიტომ დავგეგმეთ დაჩქარებული ტემპით ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე", - განაცხადა მან.
ბასილაიას ინფორმაციით, არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს, რომელიც ხიდებით ან გვირაბებით დაუკავშირდება მზიურის პარკს.
„მივიღებთ ერთიან პარკს, რომელიც ვაკეს და საბურთალოს რაიონებს დააკავშირებს. ჯამში 25 ჰექტარამდე გამოვა აღნიშნული პროექტი", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, მისი სივრცე ბიოგეოგრაფიული რეგიონების მიხედვით დაიყოფა: აფრიკა, კავკასია, აზია (ტროპიკული და მთიანი), სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და ჩრდილოეთ ამერიკა. წელს კავკასიისა და აფრიკის სივრცეების მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც აზიის მშენებლობის დაწყება არის დაგეგმილი.
თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში ფუნქციონირებს აკვარიუმი და ტერარიუმი.
ქალაქი თანდათანობით ფართოვდებოდა და ახლა საავტომობილო ესტაკადით გარშემორტყმული ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. ზოოპარკის გადატანის საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ მიიღეს.