თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სენატის მიერ Megobari Act-ის არმიღების საკითხი თავად კონგრესის პრესტიჟის საკითხია, რადგან ეს არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე სალვა პაპუაშვილმა.
10 სექტემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მორიგი მოსმენა საქართველოს შესახებ. განსახილველ საკითხებს შორის იყო MEGOBARI აქტის მიღებაც. როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, „სამწუხაროდ, სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ "მეგობარი აქტს". მისი თქმით, „რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც დიდ ბიზნესსა და პორტს უკავშირდება. მისი თქმით, „მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო".
„ეს, უპირველეს ყოვლისა, თავად კონგრესის პრესტიჟის საკითხია, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. ასე რომ, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, იმ ხალხის მიმართ, რომელმაც 30-ზე მეტი რჩეული ვაჟკაცი შესწირა, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ავღანეთში ომს, მტრული აქტის მიღება, უპირველეს ყოვლისა, კონგრესის პრესტიჟს დაარტყამს. მისი განცხადებით, როდესაც ნატოს ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობდა და თავს არიდებდა ავღანეთის ომში მონაწილეობისგან, ქართველი ხალხი მოკავშირეების გვერდით იდგა და ომში მონაწილეობდა.
MEGOBARI Act
MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით.
დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას.
"მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა.