თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 7,4 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1,9 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მლნ 667 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 22,843 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 100,3 მლნ ლარი შეადგინა.
უწყების განცხადებით, აგვისტო საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ ნაყოფიერი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, აგვისტოში ყველაზე მაღალი - 1,98%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1,51% და 1,22%-ით გაიზარდნენ.
წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:
კონსერვატიული – 7.,29%
დაბალანსებული–8,11%
დინამიკური – 9,20%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.