თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია და მისი გავრცელების მუქარით, აღნიშნულ პირს კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.
დაკავებულს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვას და გამოყენებას გულისხმობს და 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.