თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულები დასავლეთის ფარული თანხმობით მოხდა, რისთვისაც ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საბაბს წარმოადგენდა და არა რეალური ღირებულებების ასახვას, - დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მან თავის პოსტს დაურთო პარლამენტის დადგენილება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ.
„ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება – ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საკმარისია ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) დღესაც არა მხოლოდ „დიქტატორ სააკაშვილს აღიარებს გმირად," არამედ „ნაცმოძრაობას" კვლავაც თავისი პოლიტიკური ოჯახის პარტიულ წევრად მიიჩნევს.
ევროპის სახალხო პარტია ევროპის უდიდესი პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაარსდა და წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპის საბჭოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია 2008 წლიდან.
„ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად და ამ ღირებულებებს მათთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისდროინდელი მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები უკრაინაში დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
ამგვარად, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია, გიორგი ლორთქიფანიძე - უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ეკა ტყეშელაშვილი და ლევან დუჩიძე კი წამყვან დონორ ორგანიზაციებში მუშაობენ. რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი წევრი ნონა წოწორია კი დღემდე მოლდოვაში მოსამართლეების შერჩევით არის დაკავებული.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტიც საკმარისია იმის გასაგებად, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემის მიზანია არა „ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, არამედ სააკაშვილის მორჩილი მართლმსაჯულების მსგავსი კონსტრუქციის ჩამოყალიბება".
როგორც პაპუაშვილმა ანისნა, საგამოძოებო კომისიის მუშაობა „სამაგიდო კვლევა" არ ყოფილა.
„საჯარო მოსმენებზე სრულიად ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ტრაგიკული ისტორიები მკვლელობებზე, წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, რომელიც დასავლეთის ჩუმი თანხმობით მიმდინარეობდ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ცალკე საკითხი გახდა 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მუდმივ მცდელობას მიმართავდა, რამაც „ნაცმოძრაობა" ქართულ პოლიტიკაში ექსტრემისტულ სუბიექტად აქცია.
პაპუაშვილმა დადგენილებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თავის დახურვისა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაში გადასვლისკენ, რასაც ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე ხალხის რეალური მხარდაჭერა აქვს.
კომისიის მუშაობა ექვსი თვე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 46 სხდომა, გამოიკითხა 139 ადამიანი და მომზადდა 460-გვერდიანი დასკვნა.
ბოლო თავი ეძღვნება 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პროცესებს.