საქართველოს ნაკრებმა „ევრობასკეტზე" გამოსვლა ფინეთთან მატჩით დაასრულა

Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ზე ასპარეზობა ფინეთთან მატჩით დაასრულა, ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში ანგარიშით 79:93 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები იყვნენ სანდრო მამუკელაშვილი - 22 ქულა, დუდა სანაძე - 19, თორნიკე შენგელია - 18, გოგა ბითაძე - 14.
ქართველმა კალათბურთელებმა ოთხი მეოთხედიდან ერთი მოიგეს. პირველი მეოთხედი ყველაზე ცუდი შედეგით დასრულდა: 15:28, 25:29, 22:14, 17:22.
ბოლო მეოთხედის დასაწყისში გოგა ბითაძე კიდევ ერთი არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევეს, რომელსაც შენგელია მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მიჰყვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფხევაძე, თორნიკე შენგელია (კაპიტანი), გოგა ბითაძე, კამარ ბალდუინი.
რიგაში გამართულ მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდა.
„ევრობასკეტის" მეოთხედფინალში ისტორიული გასვლისთვის საქართველოს მთავრობამ ეროვნული ნაკრები 3 მილიონი ლარით დააჯილდოვა. ქართველი გულშემატკივრებისთვის რიგაში სამი ჩარტერული, სუბსიდირებული რეისი შესრულდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველად მიაღწია ისტორიულ შედეგს - კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. აქამდე ყველაზე მაღალი შედეგი მერვედფინალი იყო (2015 წელს).
„ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.