რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დღეს დილით მიწის მასა ჩამოვიდა
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 10 სექტემბრის დილით დაწესდა, რაც ძლიერი წვიმის შედეგად მიწის დიდი მასის ჩამოსვლით იყო განპირობებული.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.