თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში „მრგვალი მაგიდა" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანების რთული მდგომარეობის თაობაზე პოლიტოლოგისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებლის გულბაათ რცხილაძის სპეციალური რეპორტაჟი, იუწყებიან „მრგვალი მაგიდის" ორგანიზატორები.
რეპორტაჟმა, რომელიც „ობიექტივის" სატელევიზიო და რადიოეთერში გავიდა, შეხვედრის მონაწილეებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია.
რცხილაძის თქმით, უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანების ამჟამინდელ დევნაზე პასუხისმგებლობა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ეკისრება, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებით, „უკრაინელ ნაციონალისტებს გვერდში დაუდგა“.
რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი ბართლომეოსის წარსული საქმიანობა და მისი სამომავლო გეგმები. ავტორმა აღნიშნა პატრიარქის მჭიდრო კავშირები ეკუმენისტურ და კათოლიკურ წრეებთან, ასევე აშშ-ის ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტებთან.
ამასთან, რცხილაძის თქმით, ბართლომეოსს ეკრძალება სტამბულში ღვთისმსახურება მუსლიმური აზანის დროს, თუმცა, იგი თავს უფლებას აძლევს უკრაინაში მართლმადიდებლებს პირობები დაუწესოს, სადაც მას, პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და რადიკალური ელემენტების გარდა, არავინ ელოდება.
„ასეთ პატრიარქს არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობაზე", - განაცხადა პოლიტოლოგმა.
განხილვაში დაახლოებით ორმოცამდე ადამიანი მონაწილეობდა: ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, სასულიერო პირები და სტუდენტები. ბევრმა მათგანმა აღშფოთება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.
„მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება - ძალადობა, სიწმინდეების შეურაცხყოფა, კანონიკური ეკლესიის იერარქების დაპატიმრებები, მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აკრძალვა კერძო ბინებშიც კი. და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს ადამიანი, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქად იწოდება“,- აღნიშნა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრის დასასრულს, რცხილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეპორტაჟში გამოყენებულია უშუალოდ უკრაინული წყაროები - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებისა და უკრაინის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის მასალები.
ამასთან, პოლიტოლოგმა დასძინა, რომ თავისი რეპორტაჟი დაასრულა სუმელი მიტროპოლიტ ევლოგის ოპტიმისტური ქადაგებით, რომელიც იწყება ქრისტეს სიტყვებით - „ნუ გეშინიან, მცირე სამწყსოვ!...“
„მრგვალი მაგიდის" დაწყებამდე, აქციის მონაწილეები ქუჩაში - უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდამჭერი და პატრიარქ ბართლომეოსის საწინააღმდეგო პლაკატებით დავით აღმაშენებლის გამზირზე გავიდნენ. მსგავსი აქციები საქართველოში რეგულარულად იმართება. ორგანიზატორების თქმით, 2024–2025 წლებში სულ მცირე ოთხი ასეთი ღონისძიება გაიმართა.