ოპოზიცია გარე ძალების დაკვეთით სექტემბერში არეულობისთვის ემზადება - მაჭარაშვილი

„უცხოური აგენტურა“ აღარ მალავს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს, ამტკიცებს პოლიტიკოსი
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. 13 სექტემბერს დაანონსებული საპროტესტო აქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია გარედან მიღებული დაკვეთით ქვეყანაში არეულობისთვის ემზადება, განაცხადა პარტია „ხალხის ძაის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, 13 სექტემბერს მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია დააანონსა.
გარდა ამისა, ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროტესტი იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს: 13 სექტემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ში.
„უცხოური ძალები, იგივე გლობალური ომის პარტია ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღისთვის და განსაკუთრებით მეორე დღისთვის... მათ შორის 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს და ამის მერე რაც ექნებათ ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, „უცხოური აგენტურა“ აღარ მალავს, რომ უნდა საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. მეტიც, აფინანსებენ, ტრენინგებს ატარებინებენ, ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები.
ოპოზიცია საქართველოში
საქართველოში წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.
პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ მონაწილეობენ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მთავრობაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას გეგმავენ.
ამავდროულად, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს უწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია აპირებს „რევოლუციის მოწყობას საქართველოში“ გარკვეული უცხოური ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ყველა დონეზე 2030 წლამდე შეინარჩუნებს.