თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. საქართველოს გზებზე დაღუპულთა იზრდება, მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას 2025 წლის ბოლომდე, ნათქვამია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (info.police.ge) მომზადებული 2025 -2024 წლის იანვარ-ივნისის საგზაო შემთხვევათა ანალიზის მიხედვით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით შემთხვევები გაიზარდა 12,4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 13,7%-ით, ხოლო ლეტალობა - 20,7%-ით.
2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2.860 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 3.816 ადამიანი დაშავდა (აქედან 910 ქვეითი) და 216 დაიღუპა (აქედან 79 ქვეითი).
შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-ივნისში 2.544 შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3.356 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 179 პირი.
საგზაო შემთხვევათა გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: შემხვედრ ზოლში გადასვლა და გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და მოხვევის დროს არასწორი მანევრირება.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულად განხორციელება. უნდა დაინერგოს „უსაფრთხო სისტემის“ მიდგომა, რომელიც ევროპული საუკეთესო პრაქტიკიდან მომდინარეობს და გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, რაც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საფუძველი გახდება.
„ეს მიდგომა გულისხმობს, რომ გზებზე ადამიანი უნდა იყოს დაცული. სისტემამ – ინფრასტრუქტურამ, ტრანსპორტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა მექანიზმებმა უნდა დაიცვას ადამიანი მძიმე დაზიანებისა და ლეტალური შედეგისგან, თუნდაც შეცდომის დაშვების შემთხვევაში“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ამ მოდელით ფინეთმა მოახერხა უპრეცედენტო შედეგის მიღწევა: 2024 წელს ჰელსინკში გზებზე არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა.
„ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ „უსაფრთხო სისტემის“ თანმიმდევრული განხორციელებით ნულოვანი მსხვერპლი რეალისტური და მიღწევადია“, - განაცხადა ლალიაშვილმა.