ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები წლებია არჩევნების დანიშვნის შემდეგ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ეთიკის კოდექსი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და დამკვირვებლების ქცევის საკითხებს საარჩევნო პერიოდში.
„ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს ცნობით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ცესკოს წევრებმა მოაწერეს ხელი, შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.
საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა არჩევნებზე გრძელდება.
ეთიკის კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.