თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 26-დან 39 წლამდეა, სამართალდამცველებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.