არჩევნები-2025: სად არის დაშვებული სააგიტაციო მასალის გაკვრა

თბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ცესკომ თბილისის მერისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნების წინ სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის 792 ლოკაცია განსაზღვრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
დადგენილების თანახმად, დაუშვებელ ადგილებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა ჯარიმას ითვალისწინებს.
განსაზღვრული ადგილების გარდა, პლაკატების გაკვრა დაშვებულია მშენებლობების ღობეებზეც.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.
ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით სააგიტაციო მასალის გაკვრა აიკრძალოს ასევე თანდართულ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
რუკაზე მონიშნული ტერიტორია მოიცავს:
1. მარცხენა სანაპიროზე: დავით აღმაშენებლის გამზირს მთლიანად; უშუალოდ მარცხენა სანაპიროს – გრიბოედოვის ძეგლიდან მეტეხის წარბის გაყოლებაზე მაჭრის ხევამდე და ბარათაშვილის აღმართს წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩამდე.
2. მარჯვენა სანაპიროზე: რუსთაველის გამზირს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით; უშუალოდ მარჯვენა სანაპიროს – სასტუმრო ივერიის გასწვრივიდან იბრაჰიმ ისპაჰანლის ქუჩამდე; განივ კავშირებს მათ შორის – გიორგი ჭანტურიას, პუშკინისა და ბარათაშვილის, კოტე აფხაზის ქუჩების გასწვრივ და კალაუბანს.
აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა აკრძალულია ასევე ყველა საგზაო ნიშანზე, შუქნიშნების და გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებზე და ავტობუსის გაჩერების საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოებზე, ასევე მწვანე ნარგავებზე.
არჩევნები თბილისში
თბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.
თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს.
რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.
თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ.
თბილისის არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და დედაქალაქის მერის კანდიდატების საბოლოო სია 6 სექტემბერს გამოცხადდება.
არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 14 პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათ უნდა წარადგინონ პარტიული სიები 50-დან 100-მდე დეპუტატობის კანდიდატით.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, ამ დროისთვის ამ თანამდებობაზე სამი კანდიდატია ცნობილი. ქალაქის თავის პოსტზე მოქმედი მერი კახა კალაძე იყრის კენჭს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნებიდან“, ზურაბ მახარაძე - პარტიიდან „კონსერვატორები საქართველოსთვის“, და ირაკლი კუპრაძე პარტიებიდან „ძლიერ საქართველო - ლელო“ და „საქართველოსთვის“.