ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია იწყება

დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. წელს ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სასახლის რეაბილიტაცია 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება.
„ვესტუმრეთ დადიანების სასახლეს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ამ კუთხის გამორჩეული სიამაყე და გვინდა განვაცხადოთ, რომ ვგეგმავთ მასშტაბურ რესტავრაციას, ეს შეეხება როგორც სასახლის ფასადს, ასევე შიდა სივრცეებს. თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად იქნება რესტავრირებული დადიანების სასასხლე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სასახლე არის ჩვენი სიამაყე და მასზე ზრუნვა არის ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის დროს სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებსაც და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება
გარდა ამისა, რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური ე.წ ლაზური აივანის შენარჩუნებისთვისაც, მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩასტარებია
უფლისწულის სასახლისათვის მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს.
რესტავრაციის პროექტი კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა.
უწყების ცნობით, რესტავრაციის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელი დედოფლის სასახლეში განახლებულ დარბაზებსა და იმ აღდგენილ უნიკალურ ნივთებს იხილავს, რომლებიც სასახლეში საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა.
დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.
დადიანების სასახლე ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ადრე ისტორიული სასახლე სამეგრელოს მთავრების დადიანების რეზიდენცია იყო.
რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურის პირას სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა (1793—1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო.
ამ დროისათვის სასახლეში 40 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქროს ნაკეთობები. უნიკალურ ექსპონატებს შორისაა ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, XVIII-XX საუკუნეების ევროპელი და ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები.
დადიანების კარმიდამო ასევე განთქმულია თავისი ბაღით, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. ბაღის გასაშენებლად სპეციალურად XIX საუკუნეში ევროპელი მებაღეები მოიწვიეს და ევროპიდან იშვიათი ჯიშის მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.
ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.